“სპეცდანიშნულებისმაგვარი” არ გამიგია, დაახლოებით იგივეა რომ ვთქვათ “კიტრისმაგვარი სტაფილო” (ვიდეო)

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

-“ამ თემას გავატარებდი, რადგან მიჩვეული ვარ დამსახურებული ადამიანების დაუფასებლობას.
ერთი რამ ვერ გავიგე გენშტაბის უფროსის გამოსვლაში: რას ნიშნავს “სპეცდანიშნულების მაგვარი”?

კარაქისმაგვარი გამიგია, არაჟნისმაგვარიც გამიგია, “სპეცდანიშნულებისმაგვარი” არ გამიგია. დაახლოებით იგივეა რომ ვთქვათ “კიტრისმაგვარი სტაფილო”.

ჩვენ როცა წლებია ვსაუბრობთ, რომ გენშტაბში პრობლემებია, არ ვაკადრებთ ამ სტრუქტურას, რომ ესაა „გენშტაბისმაგვარი“. მოკლედ ვერ გავიგე, ეს მექანიკური შეცდომა იყო თუ იმის დაკნინების მცდელობა, რაც მაშინ, ანუ 1999 წელს მიზერული დაფინანსების, უფრო ზუსტად კი, დაუფინანსებლობის პირობებში კეთდებოდა.

ჩვენ ხომ ყველაფრის ისტორია გადავწერეთ. არასდროს არცერთი ჩემი წინამორბედის ღვაწლი არ დამიკნინებია და არც სხვისი გაკეთებული მიმიწერია. პირიქით, ბევრჯერ დამიწერია, „ვამაყობ იმით, რომ ჩემი წინამორბედების დანატოვარი შევინარჩუნე და რაც დამხვდა იმას მივუმატე“. ჩემს წინამორბედს იმ წლებში პირველი გაცილების რიტუალი მოვუწყვე საბრძოლო დროშასთან დამშვიდობებით, ორკესტრით და საავიაციო პატარა აღლუმით. შემდგომ წლებში გადაწერეს სამხედრო საჰაერო ძალების ისტორია და სარდლების გვარებს არც კი ახსენებენ. მოკლედ ეს გემოვნების ამბავია.

ხალხმა არც იცის როგორ ჩამოყალიბდა კოჯრის ბატალიონი 1999 წელს. მაგ ტერიტორიაზე მაშინ ჯერკიდევ რუსები იდგნენ და დავით თევზაძის გადაწყვეტილებით ქვედანაყაფო „ორბი“ იყო ჩამდგარი მათი ბლოკირების და გარე სამყაროსთან მოწყვეტის მიზნით.

იქნებ გაიხსენოთ ვისი იდეით და გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა სპეცდანიშნულების ბატალიონი? იქნებ გაიხსენოთ ვინ შეარჩია ამ ბატალიონისთვის დისლოკაციის ადგილი? იქნებ გაიხსენოთ როგორ მოხდა ბატალიონის მეთაურის შერჩევა? იქნებ გაიხსენოთ ვინ გაგზავნა ოფიცრები სასწავლებლად? იქნებ გაიხსენოთ ვინ ჩამოიყვანა თურქი ინსტრუქტორები? იქნებ გაიხსენოთ იმ მწირი ბიუჯეტის პირობებში ვის მიერ განისაზღვრა კოჯრის ბატალიონის პრიორიტეტული უზრუნველყოფა? იქნებ გაიხსენოთ რა გეგმები არსებობდა პერსპექტივაში და რა და რატომ არ განხორციელდა შემდგომ წლებში?

„მე ვიყავი იმ შვიდ კაცს შორის ერთ-ერთი“ არ ჟღერს მოკრძალებულად, რადგან თქვენზე კოჯრის ბატალიონის (შემდგომში სპეციალური დანიშნულების ძალების) არც ჩამოყალიბება და არც სხვა საკითხები არ იყო დამოკიდებული, ისევე როგორც სხვა უმცროს ოფიცრებს არავინ აკითხავდა შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციას.

გენშტაბის დღევანდელი ხელმძღვანელობიდან სპეცდანიშნულების ძალებთან მიმართებაში გაცილებით მეტი ეთქმის პოლკოვნიკ ზაზა ჩხაიძეს, რომელიც კოჯორში მახსოვს ასეულის, ბატალიონის და ბოლოს ბრიგადის მეთაურად. სხვათაშორის, 2005 წლიდან ზაზა ჩხაიძემაც ვერ დაიმსახურა ზოგიერთების სიმპატიები და წლების განმავლობაში გაურკვეველ თანამდებობებზე ამსახურებდნენ, იმის ნაცვლად, რომ მიეცათ მისთვის ამ სპეციალობით გაზრდის საშუალება.

ისტორია შეიძლება არ დაწეროთ, გადაწერით ვერ გადაწერთ. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ცოცხალნი არიან ამ ისტორიის შემქნელი ადამიანები”

კომენტარის დატოვება