„დაგვემუქრნენ, ამ უბანში ხშირია ხანძრებიო!” – მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

სააგენტოს მოქალაქეებმა წერილით მიმართეს. საქმე იმაშია, რომ ვირსალაძის #3-ში სასტუმრო შენდება, მშენებლობას თურქული სამშენებლო კომპანია აწარმოებენ. დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მაცხოვრებლებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ თბილისის განვითარების ფონდთან, რომელიც ათონელის 31-ში საცხოვრებელ სახლს არემონტებდა და იმ კედლის გამაგრებითი სამუშაოებიც უნდა ეწარმოებინა, რომელ კედელზეც არის ამჟამად დავა.

მოქალაქეების წერილს უცვლელად გთავაზობთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები პასუხს აუცილებლად მიიღებენ და პრობლემაც მოგვარდება.

-ვირსალაძის 3- ში თურქები აშენებენ სასტუმროს. სამშენებლო ტერიტორიას ესაზღვრება ათონელის 31 ის სახლის კედელი, რომელიც მწვავე ავარიულია. თბილისის განვითარების ფონდი აკეთებდა კედლის რეაბილიტაციას, მაგრამ ორი მეზობელი ვერ გავიდა.(ქმარი ჰყავს ცუდად ერთს) ფონდი კი სამწუხაროდ შეზღუდული იყო დროში.

სასტუმრო შენდება, მაგრამ ზიანდება ჩვენი მოსაზღვრე კედელი, ისე ზანზარებს სახლი, გული გვისკდება,  გუშინ უკვე ცვიოდა რაღაცეები ჭერიდან!!!

დღეს მეზობლებმა მერიის ზედამხედველობის სამსახურს დავურეკეთ, რეაგირება იყო და სამშენებლო სამუშაოები დროებით გააჩერეს. როგორც აღმოჩნდა, მათ არ ჰქონიათ მომიჯნავე ავარიული კედლის მახლობლად სამუშაოების ჩატარების უფლება, ასევე არ აქვთ რა მდგომარეობა აქვს კედელს შესწავლილი და დასკვნა.

ორჯერ მერიას მივწერეთ მეზობლებმა კოლექტიური წერილი, ერთხელ მაისში და მეორედ დეკემბერში, რომ მიეხედათ ამ ამბისთვის, ზედამხედველობის სამსახურიც მეორედ გამოვიძახეთ.

ერთხელ შეგვხვდნენ თურქული სამშენელო კომპანიის ქართველი წარმომადგენლები, იმის მაგივრად, რომ მოესმინათ ჩვენთვის, დაეცვათ კანონი და უსაფრთხოების ზომები, დაგვემუქრნენ, ერთმა ზუსტად ეს სიტყვები გვითხრა-ამ უბანში ძალიან ხშირია ხანძრებიო – დაგვემუქრა  სიცილით !

ჩვენ არ ვითხოვთ მშენებლობის გაჩერებას ან საერთოდ სასტუმროს არ აშენებას, ჩვენ ვთხოვთ  არ დაიწყონ სამუშაოები მანამ,  სანამ არ ჩაატარებენ კედლის გამაგრებით სამუშაოებს.

თბილისის განვითარების ფონდს აქვს კონსტრუქტორის დასვნა, რომ კედლის გამაგრება აუცილებელია მოჭიმვებით“-ნათქვამია წერილში.

მოსახლეობა ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა ისიც უთხრეს, თუ დაინგრა, მერე ქირით გაგიყვანთო. ადგილობრივების თქმით კომპანიის წარმომადგენლების პასუხები ლოგიკას მოკლებული და დამცინავია. ერთ-ერთი მაცხოვრებელი იმასაც ამბობს, რომ ხელთ აქვს 2003 წელში გაცემული ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასკვნა, რომელშიც წერია, რომ კედელი ავარიულია და საჭიროებს გამაგრებას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შექმნილი მდგომარეობა მათი სიცოცხლისთვის საშიშია.