სალომე სამადაშვილი – სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის ის, რომ ალტერნატივა – ის ან ბიძინა აღარ არის რელევანტური

სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის, რომ ალტერნატივა ან ის ან ბიძინა, ეს აღარ არის რელევანტური, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შეცვლას მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი სჭირდება.

„მე მითქვამს ადრეც, სააკაშვილის როლი არის მნიშვნელოვანი, რადგან სრულიად განსაკუთრებული მოვლენაა, რომ ადამიანი ამდენი წელია არ არის საქართველოში, მაგრამ ჰყავს ფაქტიურად ყევლაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიციური ამომრჩეველი, მაგრამ ამავე დროს, ეს ამომრჩეველი არ იზრდება. ამიტომ სწორი ფორმულა იქნებოდა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური ჩართულობისთვის ისეთი გზა მოეძებნა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში ოპოზიციის გაძლიერებას. ეს გზა ჩემი აზრით პირველ რიგში კარგი იქნებოდა იმით დავიწყოთ, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარტია არ იქნას შერაცხული ხელისუფლებასთან გარიგებულად, ეს სწორი დასაწყისი იქნებოდა, განსაკუთრებით როცა უხერხულ მდგომარეობაში ვარდები და მერე გიწევს იმ ხალხთან თანამშრომლობა, რომლებსაც გარიგებულებს ეძახდი რამდენიმე კვირის თუ დღის წინ.

სააკაშვილმა რაც უნდა გააცნობიეროს არის, რომ ალტერნატივა – ან ის ან ბიძინა, ეს აღარ არის რელევანტური ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ანუ ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არის არც რელევანტური და არც იმას ეხმარება, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყანაში შეიცვალოს არჩევნების გზით, მათ შორის, რაც ჩემი აზრით, არის აუცილებელი. ობიექტურად, რა რეალობასაც ვუყურებთ ჩვენ უკვე 9 წელია არის მარტივი – ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას სჭირდება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი და არა ორი სიმძიმის ცენტრი. ეს ნამდვილად ასეა და ამას აჩვენებს ყველა არჩევნების შედეგები“, – განაცხადა სამადაშვილმა.