ირაკლი ღარიბაშვილი – ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იწყებს ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას, რომელიც გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციასა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

„მინდა, დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიაციატივა. ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტებშის ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, ასევე რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას და მშენებლობას. ასევე ყველა ქალაქის, ყველა კურორტისა და დასახლებების ურბანულ განახლებას. ასევე, პრგორამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი, ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები. საქართველოში, მოგეხსენებათ, უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის. ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარება, ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და სრულად განვითარებების პირობების ყველგან გაუმჯობესება, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.