ბექა ბასილაია – დეპუტატებს აქვთ კანონიერი უფლება, შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს – ამას არ აკეთებს ხელისუფლება, რაც ნიშნავს, რომ ის არის პოლიტიკურ იზოლაციაში

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურ იზოლაციას უწყობს.

ადვოკატის თქმით, დეპუტატებს სრული უფლება აქვთ გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი ნახონ.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ დღეს სასამართლო თავიდან ბოლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

„29 ნოემბერს არის პროცესი და ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ინტენსიურად ვემზადებით. მართალია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა გაუქმებულია, სასამართლო თავიდან ბოლომდე ექვემდებარება „ქართულ ოცნებისგან“ მიღებულ დირექტივებს, თუმცა ვაპირებთ რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ბერკეტი გამოვიყენოთ, საიმისოდ რომ საზოგადოებამ დაინახოს რამდენად მართალია მიხეილ სააკაშვილი.

ამაში ქართველი ხალხი ისედაც დარწმუნებულია და ეს აჩვენა ბოლო დღეებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულმა ემპათიამ, იმ მხარდაჭერამ, რასაც თითოეული მოქალაქე გამოხატავდა მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა.

რაც შეეხება დეპუტატების არშეშვების საკითხს, როგორ პოლიტიკურ იზოლაციას უწყობს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს. დეპუტატებს სრულიად კანონიერი უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც მე-12 დაწესებულებაში ხვდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოს ამიტომ ხდება დაბრკოლებების შექმნა“, – განაცხადა ბასილაიამ.