გოდერძი ბარბაქაძე: გმირების სახელები უნდა იცოდნენ შთამომავლებმა!

ლაგოდეხის სიახლოვეს, სოფელ გიორგეთის სასაფლაოზე თუ ყოფილხართ, ან მის სიახლოვეს გაგივლიათ, აუცილებლად შენიშნავდით ვერტმფრენს. ბევრი გაოცებით უყურებს, ბევრმა არც კი იცის რატომ დგას ეს ვერტმფრენი აქ…

უკვე მრავალი წელია, რაც საბრძოლო ვერტმფრენი სამხედრო პილოტის – ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის საფლავს „დარაჯობს“…

ჯიმი მაისურაძე, იგივე „შავი პოლკოვნიკი“, იგივე „ვოზდუშნი ხულიგანი“. ის შიშის ზარს სცემდა  მოწინააღმდეგეს, ყველა ბრძოლაში „ბოლომდე იხარჯებოდა“ და თავს ამახსოვრებდა მეტოქეს. „ჩორნი პალკოვნიკს“ რუსები ეძახდნენ, „ვოზდუშნი ხულიგანს“ კი აფხაზი სეპარატისტები.

 ჯიმი მაისურაძე ავღანეთში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში იბრძოდა. 1992 წლის 26 დეკემბერს, მისი – „МИ-24“ მოწინააღმდეგის დესანტებმა რაკეტით აფხაზეთში ჩამოაგდეს.  ქართველი სამხედრო პილოტი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ეროვნულ გმირად აღიარეს.

საიდან მოხვდა ვერტმფრენი მის საფლავზე? როგორც ამბობენ, პილოტის მეგობარმა, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, მის საფლავზე ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი დასვა, რადგან ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევდა ჯიმი მაისურაძის ოჯახს და არც მისი ხსოვნის პატივსაცემად ზრუნავდა. ვერტმფრენი დღესაც იქ დგას…

დღეს თუ მიდიან გმირის საფლავზე და თუ ახსოვთ იგი? ამ კითხვით ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარეს, გოდერძი ბარბაქაძეს დავუკავშირდით.

-„გვახსოვს ჯიმი მაისურაძე? რას ამბობთ-ვამაყობთ იმით, რომ გმირი ჩვენი მიწა-წყლის შვილია, ვამაყობთ იმით, რომ საერთო ფესვები გვაქვს. ყოველ წელს, მის დაბადების დღეს, 30 მაისს ლეგენდარული პილოტის  მშობლიურ სოფელში, გიორგეთში,  ტრადიციული დღესასწაული ,,ჯიმშერობა’’ იმართება.

15240122_1854383524850302_1020881848_n 15328223_1854383521516969_1141724964_n

ამ დღეს სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს, გმირის საფლავთან მიდიან როგორც სტუმრები, ასევე ადგილობრივები. ყოველთვის ჩამოდიან ამ დღეს მამის პროფესიას გაყოლილი  ვაჟები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ ყოველთვის ვუყვებით მომავალ თაობებს მის შესახებ, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები ხშირად მიდიან, საფლავს ასუფთავებენ და ყვავილებით ამკობენ, გმირების სახელები უნდა იცოდნენ შთამომავლებმა, რადგან ჩვენ წარმავალნი ვართ, ისინი მომავალნი და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ მომავალი თაობების გულში და მეხსიერებაში განაგრძონ გმირებმა სიცოცხლე“-გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ და ერთ-ერთი „ჯიმშერობის“ კადრებიც მოგვაწოდა.

სამარადისო დიდება გმირებს!

კომენტარის დატოვება