ახალსოფელთან აქციის „არა ოკუპაციას“ მონაწილეები შეიკრიბნენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან აქციის „არა ოკუპაციას“ მონაწილეები იკრიბებიან. შეკრებილთა უმრავლესობა სტუდენტები არიან.

მათი თქმით, აქცია აპოლიტიკურია და მისი მიზანია, გამოაფხიზლოს საქართველოს სხვა მოქალაქეები, რათა არ შეეგუონ მცოცავ ოკუპაციას.

აქციის მონაწილეები ახალსოფლიდან მსვლელობას გამართავენ სოფელ ბერშუეთის მიმართულებით, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის.

გარდა ამისა, ორგანიზატორების განცხადებით, ისინი საოკუპაციო ხაზთან ახლოს კარვებს გაშლიან, ღამეს გაათევენ და აქციას 9 ივლისსაც გააგრძელებენ.

აქციის „არა ოკუპაციას“ მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინეს და არსებული ვითარება აუხსნეს.