ხატია დეკანოიძე – თუ „ქართული ოცნება“ სიების აღდგენაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ეშინიათ ოპოზიციის და თითოეულ მანდატზე ქურდობენ

თუ „ქართული ოცნება” სიების აღდგენაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ეშინიათ ოპოზიციის და თითოეულ მანდატზე ქურდობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობა, როცა ჩვენ სიების ჩახსნა მოვითხოვეთ, იყო კონკრეტული მოცემულობა, ეს იყო ბოიკოტი.

ყველაზე უფრო არათანმიმდევრული ვინც არის, ეს არის ხელისუფლება და გასაგებია, ისინი დავალებებს ასრულებენ მხოლოდ. რაც შეეხება სიებს, ჩემი პოზიციაა, რომ ეს საჯარო უნდა იყოს დასავლელი პარტნიორებისთვის, რადგან „ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი და მანდატები წარმომადგენლობით ორგანოში არ არის მათი საკუთრება, ამიტომ ჩვენ მოვუწოდეთ მათ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მე დარწმუნებული ვარ, მათი ამოცანაა ოპოზიციის შესუსტება პარლამენტში და თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მათ ნამდვილად ეშინიათ ოპოზიციის და თითოეულ მანდატზე ქურდობენ, ეს იქნება შინაარსი ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა დეკანოიძემ.