„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტები პარლამენტთან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ

„არა ოკუპაციას“ – ამ სახელწოდებით აქცია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. ორგანიზატორები „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტები არიან, რომლებიც მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით – „შენ ხარ ოკუპანტი“, „ერთმორწმუნეს არ სწამს“, „რუსეთი კლავს“, „რუსეთი საქართველოს მტერია“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი არის მცოცავი ოკუპაციის ფონზე საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სიმბოლურად მავთულხლართები გააბეს, იმ საფრთხის აღსანიშნავად, რომელიც ემუქრებათ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ისე – საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ახალგაზრდების პროტესტს შეუერთდა „ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც.