აბიტურიენტებისათვის ნერვიულობისა და ფორიაქის დრო – ეროვნული გამოცდები 2017 (რეპორტაჟი)

დავით დოლიძე

ქართველი აბიტურიენტებისათვის ყოველწლიური ნერვიულობისა და ფორიაქის დრო დადგა. დაიწყო მათი მომავლის გარდამტეხი ეტაპი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017, რომელიც უკვე თორმეტი წელია რაც ტარდება. უჩვეულოდ ცხელი ზაფხულის მიუხედავად, საგამოცდო ცენტრებში, რომლის დიდი ნაწილიც სკოლებშია განთავსებული, კვლავაც არ ფიქრობენ ელემენტარული კონფორტის შექმნაზე. არცერთ საგამოცდო ცენტრში არ არის კონდიციონერი, რის გამოც გამომცდელებიც და გამოსაცდელებიც ცალკე სიცხესა და უჰაერობას ებრძვიან, ცალკე კი მონოტონურ სამუშაოსა და საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას.

ორმა სავალდებულო გამოცდამ უკვე ჩაიარა. აბიტურიენტებმა ქართული ენასა და ლიტერატურასთან ერთად ზოგადი უნარების გამოცდაც ჩააბარეს. გამოცდაზე შესულებზე არანაკლებ ნერვიულობენ მათი მშობლებიც.

ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ, პაპანაქება მზეში ან თავსხმა წვიმაში დგანან და უცდიან თუ როდის გამოვლენ თავიანთი შვილები გამოცდიდან, რომელთა მომზადებაშიც რეპეტიტორებთან რამდენიმე ათასი აქვთ დახარჯული. მართალია შვილის ცოდნაში ფულის ჩადება არასდროს არის შეცდომა, მაგრამ რა ცოდნას იღებენ იმასაც ხომ გააჩნია?! ზოგიერთი შვილის კერძო მასწავლებელთან მიყვანის შემდეგ, აღარც კი ინტერესდება მისი სწავლის დონით. რას აკეთებს რეპეტიტორთან, როგორ ითვისებს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და ასე შემდეგ. ეს კი ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მშობელს დიდი ოდენობით თანხის უაზროდ ფლანგვა გამოსდის და მეტი არაფერი.

გარდა ამისა, აგრეთვე საინტერესოა, რომ წინა წლებთან შედარებით ისედაც ცოტა აბიტურიენტიდან, რამდენი შეძლებს მინიმალური კონპეტენციის ზღვარის გადალახვას და მოხვდება უმაღლეს სასწავლებელში, მაშინ როდესაც, 11 000-მა მოსწავლემ სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარებაც ვერ შეძლო და ატესტატის გარეშე დარჩა.

გასათვალიწინებელია ის ფაქტიც, რომ ეროვნული გამოცდების სირთულე წლიდან-წლამდე იმატებს. აბიტურიენტებიც და მათი მშობლებიც წლევანდელი საგამოცდო ტესტის სირთულეზე აპელირებენ, რასაც განათლების მინისტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი უარყოფენ. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მიმდინარე ეროვნული გამოცდების ტესტის სირთულე წინა წლების ანალოგიურია. იმავეს ამბობს მაია მიმინოშვილიც. მისი განცხადებით, ყველა ვარიანტი თითქმის ერთი სირთულის არის. ოდნავ რთულ ვარიანტს კი შესაბამისი სკალირებული ქულა მოემატება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრები გახსნილია საქართველოს ყველა ქალაქში, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. თბილისში ათი საგამოცდო ცენტრია გახსნილი, ქუთაისში – სამი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. ერიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.