აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება – პრემიერი:

„ჩვენ მიერ ინიცირებული რეგულაციები გულისხმობს შემდეგს: ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის, გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასაკობრივ ზღვარზეც გაამახვილა ყურადღება.

„25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. აქაც დეტალურად გვაქვს გაწერილი, თუ ვის შეეხება შეზღუდვა – ესენი არიან სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან, საჯარო მოხელეები, პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე, პირებს, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ოჯახის წევრების მოთხოვნით. ჯამში, პირთა წრე, რომელსაც შეზღუდული ექნება წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კონტროლის მექანიზმები უკვე გაწერილია. „აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული დაშვება, ძირითადად, შეიძლება, სპორტს შეეხოს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.