არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის, ის ოფიცრები დაკავებულნი იყვნენ, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  არანაირი გირგვლიანი საქმე არ არსებობს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე თქვა.

„რაც შეეხება იმას, რაზეც ვარ გასამართლებული. მე უკვე ორ საქმეზე ვარ გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემს მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გელაშვილის საქმეზე საუბარიც ზედმეტია, რადგან საქმეში სამარცხვინო ჩვენებაა.

„მეორე საქმეზე აღარ ვლაპარაკობ. გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის, კლასიკური ტერმინი, მე გავიგე, რომ იმან გაიგო – აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება, იყოს მიღებული, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და „ინტერპოლს“ გაუგზავნეს, „ინტერპოლმა“ გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ ველაპარაკე „ინტერპოლის“ დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, – განაცხადა სააკაშვილმა.