მიხეილ ჩხენკელი: ონლაინ სწავლება ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს

რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის. თუმცა კარგად ვიცი, რომ ოჯახებში ინტერნეტზე წვდომა ან გაჯეტი ყველას არ აქვს. შესაბამისად, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და სისტემა დისტანციურზე გადავიყვანეთ, იმის გამო, რომ ვიცოდით, ყველას არ ჰქონდა წვდომა ონლაინზე, ერთ კვირაში შევქმენით „ტელესკოლის“ პროექტი.

ბრიტანეთშიც აღმოჩნდა, რომ ყველას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და ეს იყო მთავარი მიზეზი, რისთვისაც „ბიბისიმ“ დაიწყო „ტელესკოლის“ პროექტი. ჩვენთან შეიქმნა საგანმანათლებლო არხი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს, ასე გადავწყვიტეთ პრობლემა და იმუშავა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დავბრუნდით ბუნებრივ გარემოში და ონლაინ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.