ზურაბ აზარაშვილი: სოციალურ აგენტებს შეუძლიათ, კომპენსაციის ჩათვლით თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი მიიღონ, ვიდრე ეს არის ფიქსირებული

სოციალურ აგენტებს შეუძლიათ, კომპენსაციის ჩათვლით თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი მიიღონ, ვიდრე ეს არის ფიქსირებული, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სოცმუშაკების არსებული დატვირთვიდან გამომდინარე, მათი ხელფასი ადეკვატურია.

„სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაოდან გამომდინარე წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება. ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაცაა და ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებითაც მიიღონ ანაზღაურება და თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე მათი შემოსავალი 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ.

ამდენად, ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით მათ შეუძლიათ თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი მიიღონ, ვიდრე ეს არის ფიქსირებული. ვფიქრობთ, არსებული დატვირთვიდან გამომდინარე, მათი ხელფასი ადეკვატურია“, – განაცხადა მინისტრმა.