ალეკო ელისაშვილი – რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის სისულელე, ცესკო-ში საარჩევნო სიები ჩახსნეს, ახლა ფრაქციები დაეშალათ, ვაშაძე და „ლელო“ თავში ხელს ირტყამენ

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის სისულელე და ცოტა გაიგრილონ თავები ოპოზიციაში, დასერიოზულდნენ, რადგან მერამდენე რაღაცაზე წაიმტვრიეს ტვინი? – ცესკო-ში საარჩევნო სიები ჩახსნეს და ახლა ფრაქციები დაეშალათ, ვაშაძე და „ლელო“ თავში ირტყამენ ხელს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იცანცარეს და საარჩევნო სიები ჩახსნეს.

„ვეუბნებოდით, ნუ ცანცარებ, სიებს რატომ ხსნით-თქო. პარლამენტიდან ხაზარაძე გავიდა და ფრაქცია დაეშალათ. ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ისეთ დღეში არიან, თავში ხელს ირტყამენ და იდაყვებზე იკბენენ. ერთი თვის წინ არჩევნები იყო და თუ რაიმე შეეძლოთ, ერთი თვის წინ გაეკეთებინათ. ვერ მოახერხეს და კიდევ რიგგარეშეს რომ ითხოვენ, არასერიოზულია. 2024 წლისთვის უნდა მოვემზადოთ და თუ რაიმეს დამტკიცება გვინდა, დავამტკიცოთ. მანამდე, სისტემური ცვლილებები უნდა გატარდეს. რიგგარეშეს დაჩემება არის პატარა ბავშვს სათამაშო რომ უნდა და არჩევს“, – აღნიშნავს ელისაშვილი.