გია ვოლსკი – ოპოზიცია სააკაშვილის საქმეს „პიჯაკების საქმეს“ არქმევს, თუმცა პიჯაკებისთვის გაცილებით ნაკლებია დახარჯული, ვიდრე ბოტოქსებში და მაშინ, რატომ არ უნდა ერქვას ბოტოქსის საქმე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გრიფით „საიდუმლოთი“ გაწეულია ხარჯები, რომელიც არ შეესაბამება არანაირ კრიტერიუმს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

„ამ ყველაფერზე სარკასტული საუბარი არ ღირს, მაგრამ ყველა ხარჯი დევს, საზოგადოებამ ამის თაობაზე იცის და სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. საფრანგეთის ყოფილ პრემიერს მეუღლისთვის დახარჯულ 300 ათასს ევროს გამო ხუთი წელი მიუსაჯეს. მთავარია პრინციპი და ამ პრინციპზე სააკაშვილის პოზიცია საკმაოდ სუსტია. ჩვენი გადასახადების გადახდა მასაჟისტისთვის, რომელიც მასაჟს კბილებით აკეთებს ან შიშველი ქალი, რომელიც თავის სხეულით ხატავს, ეს არის ხარჯები, რომელიც არ შეიძლება, სადავო იყოს. 150 ათასი არის ნიკა ყიფშიძის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ა.შ. ბევრი ხარჯია, რომელიც არანაირ კრიტერიუმს არ შეესაბამება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც.