მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე – სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე

სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ. არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უკრაინის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, – ამის სესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ეს იქნება იმ ხალხის პატივისცემა, რომელიც სააკაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოსთან არის შეკრებილი და მანვე დასძინა, რომ საქართველოს საზოგადოებასთან ასე აგდებულად  მოპყრობას, ძალიან შეეჩვია ვიღაცები.

„მე არ მივმართავ ამ სასამართლოს. თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილს ეშინია, მე ველაპარაკო ჩვენს საზოგადოებას და არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ არ მალაპარაკონ და არ მქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ ველაპარაკო საქართველოს.

პირველ რიგში, მინდა, მივესალმო პრესის წარმომადგენლებს. მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ იმისათვის, რომ ჯერ ცოცხალი თუ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია. ეს ნამდვილად ასეა და მე ვხედავ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან და უბრალოდ ნაკლებად კრიტიკულიც კი, როცა ეს საქმეს ეხება. თუმცა რა თქმა უნდა, კრიტიკა არის ნორმალური და მისაღები. მინდა, თავიდან დავიწყო, რომ

ამ სასამართლო დარბაზში მომიყვანეს სამი საათით ადრე, სასამართლო დაიწყო 50 წუთით დაგვიანებით. ეტყობა, თქვენ ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უმაღლესი ერთ-ერთი თანამდებობის პირი უკრაინის.

მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო. ნამდვილად არ მაქვს დრო ფუჭად ხარჯვის კომედიებზე, 4 საათით ადრე სადღაც სარდაფში მოყუჩების და კარგად დამწნილების. მომიყვანეთ ხოლმე დროზე, როცა არის დრო და ყველა გამოცხადდეს დროზე, რადგან პირველ რიგში, ეს არის საზოგადოების პატივისცემა, იმ საზოგადოების, რომელიც გარეთ არის ახლა, რომელიც მონიტორებთან არის. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა. ძალიან შეეჩვია ვიღაცები საქართველოს საზოგადოებასთან აგდებულად მოპყრობას, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს მიიღებს. მე, როგორც ერთ-ერთი წევრი, მართალია, უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ასევე საქართველოს საზოგადოების, არ ვიღებ, რომ 4 საათი სადღაც დაამყუდონ რაღაც სარდაფში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.