მიხეილ სააკაშვილი – 7 ნოემბრის შემდეგ მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა ერთ-ერთი ორგანოს მწვავე ანთება, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე

7 ნოემბრის შემდეგ მეც მქონდა მძიმე ტრავმა, მქონდა მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მაღალი სიცხე, ეს ყველაფერი იყო იმ ტრავმისა და განცდების შედეგი, რაც ვიხილე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანელი ექიმი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა მის განკურნებას.

„დავით აღმაშენებელი არ მოხვედრილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და „გალობანი სინანულისანი” არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების სასამართლოს წინაში. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მეგობრებო, მე ახლა პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. თუმცა, აგერ ვუყურებ ინგა გრიგოლიას და მინდა, ვთქვა, რომ ინგამ ამასწინად ისაუბრა 7 ნოემბერზე და თქვა იმაზე, რომ როდესაც პოლიცია შევიდა იქ, დიდი სტრესი განვიცადეო და მოხვდა კლინიკაში.

ამის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ინტერვიუ ინგას. მას შეიძლება, ახსოვს, მთავრობის სახლში დიდი, გრძელი ინტერვიუ მივეცი, მაგრამ მინდა, გითხრათ, ჯერ ერთი ძალიან განვიცდი, რომ მას ეს სტრესი მიადგა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრავმა. მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, მქონდა მაღალი სიცხე, ამ ინტერვიუს რომ ვიძლეოდი. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრავმისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფრის შედეგად ავიღე. მე მინდა, ეს იცოდეს ინგამ.

არასდროს მითქვამს, ეს ასე იყო. იმ ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, ალბათ მისი ხარჯებიც შეტანილია და ალბათ ბოტოქსი ჰქვია იმასაც, მაგრამ გერმანელი ექიმი მელოდა, რომელიც შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ჩემს განკურნებას. ეს ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის, თემურ ჯანაშიამაც“,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.