მიხეილ სააკაშვილი – მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც

მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, ვიკამათო, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით, ეს იქნება ჩემთვის კათარზისიც და განწმენდის პროცესიც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოდიშს  ცხადია, არავისგან ითხოვს და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას.

მისივე თქმით, მზად  პრეტენზიების მოსმენისთვის, თუმცა არა ამ სასამართლოს წინაშე.

„მეგობრებო, ვინც კამყოფილი ხართ ჩემი წინა გამოსვლით, ვინც ჩემს ბოდიშს გულწრფელად, არაგულწრფელად ან არასაკმარისად თვლით. ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომებისა საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო და ყველაფერი, მე მინდა, ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია, მზად ვარ, ვიკამათო თქვენთან, დაგეთანხმოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება, აღმოვჩნდე, დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან. აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას. ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის ასევე კათარზისიც და განწმენდის პროცესი.

ბოდიშს აქ, ცხადია, მე არავისგან ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას. მაგრამ ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს, იმისათვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან, სადაც მივდიოდი და ვინც ჩამოდიოდა, კარგად დახვედრა, რადგან ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსებისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან. რუსი თვლის, იქ რომ ჩადიხარ, რუსს უნდა ასიამოვნო, აქ რომ ჩამოდის, რუსს უნდა ასიამოვნო. ჩვენ, ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, ესენი რუსები არიან. ამათი ყველა ინსტინქტი არის რუსული და ამიტომ მათ არ ესმით, რას ნიშნავს სტუმართმოყვარეობა, უკანასკნელის გაცემა და გაღება შენს სტუმარზე და მეგობარზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.