ანა ნაცვლიშვილი ნათია თურნავას განცხადებაზე – როცა მინისტრს სხვა არაფერი აქვს სათქმელი და მისი პოლიტიკის მიერვე დამშეული ადამიანებით სპეკულირებს, სამარცხვინოა

როცა მინისტრს სხვა არაფერი აქვს სათქმელი და მისი პოლიტიკის მიერვე დამშეული ადამიანებით სპეკულირებს, სამარცხვინოა, – ასე აფასებს “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის თაობაზე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო და სიღარიბე პრობლემაა საქართველოშიც.

ნაცვლიშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრი თავად აღიარებს, რომ მისი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის პირობებში უამრავი ადამიანი შიმშილობს.

„აღმოჩნდა, რომ თავად თურნავა აღიარებს, რომ საქართველოში უამრავი ადამიანი შიმშილობს და თავად რას აკეთებს? თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სახეა. თავად აღიარებს, რომ მისი ეკონომიკური გუნდის და ამ ხელისუფლების პირობებში, თურმე, უამრავი ადამიანი შიმშილობს. სრულიად არაადეკვატური გადაბმაა ამ თემის სააკაშვილის შიმშილობასთან. ეს არის საპროტესტო შიმშილი, ეს არის მკაფიო ფორმა პროტესტის და ამის საპასუხოდ, როცა მინისტრს სხვა არაფერი აქვს სათქმელი და სპეკულირებს მისი პოლიტიკის მიერვე დამშეული ადამიანებით, ეს უბრალოდ სამარცხვინოა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილი ასევე გამოეხმაურა 14 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას და აღნიშნა, რომ პარტიული გადაწყვეტილება ცნობილია, რომ პარტია აქციას არ უერთდება, თუმცა, პერსონალურ გადაწყვეტილებას პარტიის წევრები თავად მიიღებენ. თავად მივა თუ არა აქციაზე, ნაცვლიშვილი არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამას „ვნახავთ”.