მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია – ქალბატონი კელი ექსპერტი არ არის – ირაკლი კობახიძე

მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი – 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, არის თუ არა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების ადრესატი, რომელიც მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება.

„ჩვენ გვაქვს სისტემა,რომელიც ამოქმედდება 2024 წელს, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც არის დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი“, – აცხადებს კობახიძე.