ECDC: მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „ომიკრონმა“ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, ევროპაში რამდენიმე თვეში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს.

„ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, არსებობს მინიშნებები, რომ მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „ომიკრონმა“ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.