დღეს და ღამეს ვათენებთ იმის გამო, რომ რესურსებით გავაძლიეროთ საპროტესტო მოძრაობა – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უსამართლო სასამართლოს პირობებში ოპოზიციისთვის ერთადერთი გამოსავალი მასობრივი საპროტესტო აქციებით ხელისუფლების დამარცხებაა.

„შეუძლებელია ამ სასამართლოსთან ითანამშრომლო. იგი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა და განაჩენი უკვე წინასწარ გაწერილია. ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმისთვის, რომ სააკაშვილის უკანონო პატიმრობა დავასრულოთ. ჩვენს საპროტესტო მოძრაობას ექნება თავისი პიკი. ახლა ჩვენ დღეს და ღამეს ვათენებთ იმის გამო, რომ რესურსებით გავაძლიეროთ საპროტესტო მოძრაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც შენ რეჟიმს ებრძვი სავარაუდო გეგმა უნდა გქონდეს და ამისათვის მზადება მშვიდობიანად, არაძალადობრივად მიმდინარეობს. სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართული ბევრი ადამიანი არის დაკავებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეჟიმის დამარცხების შედეგად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.