პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაში მონაწილეობაზე ბოიკოტს აცხადებს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მოქმედების გეგმა დაასახელა. პარტია საკრებულოს პირველ სხდომას ბოიკოტს უცხადებს ბათუმში, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, სხვადასხვა გზას ირჩევს.

ბერდია სიჭინავას განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანი საკრებულოებში ძალთა ბალანსია.

„უკვე იცით ჩვენი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოში. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, სადაც ჩვენს პარტიას აქვს გადამწყვეტი ხმები, დღეს პირველ სხდომაზე საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში.

დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც გვაქვს გადამწყვეტი ხმები, ესენია ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების დასახელებისა და კომისიების დაკომპლექტების პროცესში დღეს მონაწილეობას არ მივიღებთ.

სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც არ გვაქვს ხმების გადამწყვეტი რაოდენობა, თუმცა საკმარისი რაოდენობა გვაქვს იმისთვის, რომ დავასახელოთ საკრებულოების თავმჯდომარეობის ჩვენი კანდიდატები, დღესვე ახლად არჩეული საკრებულოების პირველივე სხდომაზე წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს ამ და სხვა პოზიციების დასაკავებლად.

ასევე აღვნიშნავ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, პარტია „საქართველოსთვის“ ქმნის ფრაქციებს. იმ საკრებულოებში, სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ მხარდაჭერას საკრებულოების თავმჯდომარის ან სხვა პოზიციების დასაკავებლად, ჩვენი პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.