შალვა პაპუაშვილი – საერთაშორისო რჩევები უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის

საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბარიერის საკითხი საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია.

“რაც შეეხება პლურალიზმის უზრუნველყოფას, ესეც ევროპული საუკეთესო სტანდარტია, რომ 5 პროცენტამდე ყველა ბარიერი უზრუნველყოფს სათანადო პლურალიზმს, რაც შეეხება კონკრეტულად ბარიერს, ეს არის ქართული პოლიტიკური ძალების, პარტიების გადასაწყვეტი საკითხი, აქ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო სტანდარტი გარდა იმისა, რომ 5- ზე მაღალი პროცენტი მიღებულია, რომ არის მაღალი ბარიერი, რაც შეეხება 5- მდე ბარიერს, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტონ პარლამენტის წევრებმა. ჩვენ ბარიერი უნდა დავადგინოთ არა იმიტომ, თუ რომელ პარტიას რა მოსწონს ან აწყობს, მათ შორის, საერთაშორისო რჩევებიც უნდა ეფუძნებოდეს არა იმას, რომელ პარტიას რა აწყობს ან არ აწყობს, არამედ იმას, რა არის კარგი ქართული დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის და სტაბილურობისთვის,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ პროცესი განხორციელდა საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ამ პროცესში რაიმე ხარვეზის მითითება რთულია, სწორედ ამიტომ ამ საკითხზე ხშირად ზოგადი განცხადებები ისმის.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საფუძველზე, ამიტომ აქ რაიმე პროცედურული ხარვეზის მითითება რთულია, ამიტომ ჩვენ უფრო ხშირად გვესმის ზოგადი განცხადებები, ერთადერთი რაც გვესმის არის სურვილები თუ შენიშვნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ირჩევს უმრავლესობა და არა უმცირესობა. თუმცა, დემოკრატია სწორედ ასე ფუნქციონირებს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.