მამუკა ხაზარაძე – 2007 წელს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაგვიშალეს, ამოცანა იყო, რომ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ შელამაზებულად, ნებართვა არ ნებართვების ფონზე

2007 წელს „თიბისი ბანკი“ იყო ყველაზე დიდი ბანკი როგორც დღეს, იზრდებოდა ძალიან სწრაფად, ახალ-ახალ დაფინანსებებს იზიდავდა გარედან და ახალ ინექციას აძლევდა ეკონომიკას, უცბად, ჩვენდა გასაკვირად, წინა ხელისუფლების დროს, „ეროვნულმა ბანკმა“ „თიბისი ბანკს“ მომენტალურად შეუზღუდა ლიცენზია და უთხრა, რომ იმდენად სწრაფად იზრდებით, გეკრძალებათ დაკრედიტების გაგრძელება, ანუ, რა ზომაც ხართ, იმ ზომაზე უნდა დარჩეთო, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2007 წელს „თიბისი ბანკს“ ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაუშალეს.

„იყო მინიშნებები, ბანკი უნდა გაყიდოთ, სხვას გადააბაროთ. პოლიტიკურ ნაწილს შევეშვები. რთული იყო იმ პერიოდში. ერთის მხრივ, რაღაცები კეთდებოდა, მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ რაღაცების კეთება რთული იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რადგან არ გვქონდა თანხა, რომ ასი მილიონით გაგვეზარდა. ჩვენ დავიწყეთ მსოფლიოში მოგზაურობა. ამ დროს ბანკი გაჩერებულია, ვერ იზრდება და დრო არის ჩვენს საწინააღმდეგოდ. ყველანაირმა თხოვნამ, რომ იქნებ მოგვცეთ ვადა, შედეგი არ გამოიღო.

მივაგენით ერთ-ერთ მსხვილ ბანკს, „ლეომი ბანკს“ და მოველაპარაკეთ. ისინი მზად იყვნენ, „თიბისი ბანკში“ 20 პროცენტის სამაგიეროდ გაეზარდათ კაპიტალი და ჩაედოთ ინვესტირება, რაც ჩვენ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ადეკვატურობის პრობლემა გადაგველახა. მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი. ეს გარიგება ჩაგვიშალეს საქართველოში, ნებართვები არ მოგვცეს და ასე შემდეგ, რამაც გამოიწვია ჩვენი ლონდონის არბიტრაჟში წაყვანა. გვიჩივლა იმ ბანკმა, რადგან „ბაინდინგ თემშითი“ ჰქვია, რაც ნიშნავს, რომ ორ ფურცელზე იწერება და ის არის სავალდებულო შესასრულებელი. აი, ეს ხელშეკრულება, რომელზეც გვქონდა ხელი მოწერილი, ჩაგვიშალეს 2007 წელს. აქ და ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, ამოცანა იყო, რომ ჩვენ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა ასე პირდაპირი სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ ძალიან შელამაზებული, ნებართვა არ ნებართვების ფონზე, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით იკითხება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.