ბრალდება, რომელსაც პროკურატურა გვიყენებს, ბუნებაში არ არსებობს, მიმდინარეობს სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია და ანაკლიის პორტის გაფუჭება – მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით მამუკა ხაზარაძემ ჩვენება მისცა.

ხაზარაძეის თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მათ ედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს.

„მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება.

სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში კი ვერ მიაღწიეს მიზანს, რადგან ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. სამი წლის შემდეგ ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, დღეს პირველად მომეცემა საშუალება, მოვუყვე სასამართლოს, რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის პოლიტიკურად მოტივირებული ეს საქმე. გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს.

არანაირი ფულის გათეთრება ბუნებაში არ მომხდარა. ეს არის აბსურდი. ეს მგონი, ყველასთვის ნათელია, რადგან ერთ ტრანზაქციას არ სჭირდება სამი წლის გამოძიება და სასამართლოში სიარული. ძალიან მარტივი ოპერაციაა, თანხა არავის მიუთვისებია, მით უმეტეს არც მე და არც ბადრი ჯაფარიძეს. მით უმეტეს, არ მიგვიღია არანაირი არაკანონიერი შემოსავალი. მეტს გეტყვით, არანაირი გათეთრება, ანუ შავი წყაროდან თეთრ სისტემაში ფული არ მოხვედრილა, რადგან თანხას არ დაუტოვებია საბანკო სისტემა. ვიმეორებ, ეს არის შეთითხნილი, ბიძინა ივანიშვილის მართული სასამართლო, მიტაცებული სასამართლო. ჩვენი ქვეყანა ღარიბი იმიტომ არის, რომ არ არსებობს სამართალი. ეს არის ნომერ პირველი სიღარიბის განმსაზღვრელი ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.