დევნილი პრეზიდენტისთვის ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების ლეგალურია – ადვოკატი

ადვოკატი ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ საუბრობს. ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ დევნილი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება არალეგალურად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება. საუბარია ბრალდებაზე, რომელიც გამოძიებამ მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით წარუდგინა.

უფლებადამცველის თქმით, სააკაშვილის ქმედება იყო პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტი და ის სისხლის სამართლის შეფასებას არ ექვემდებარება.

,,მაშინ, როდესაც ის იდევნება, მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ამ ვითარებაში ნებისმიერი გზა სამშობლოში დაბრუნების არის ლეგალური. დღევანდელი პროკურატურა, დარწმუნებული ვარ, ბრალს წაუყენებდა ზვიად გამსახურდიასაც საქართველოში დაბრუნების გამო. აქედან გამომდინარე, ამ საქმის იურიდულ-კაზუისტურ ნაწილზე საუბარი სრულიად უადგილოა. ეს იყო პოლიტიკური აქტი და პოლიტიკურ-ჰეროიკული აქტები სისხლის სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება, “- ამბობს ბასილაია.