„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის პრაქტიკაში მოქმედება სამინისტროების მაგალითზე, გამოკვეთა  და შეიმუშავა რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გააანალიზა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის პრაქტიკაში მოქმედება საქართველოს სამინისტროების მაგალითზე, გამოკვეთა არსებული გამოწვევები და შეიმუშავა რეკომენდაციები ამ კანონისა და მისი პრაქტიკაში აღსრულების გაუმჯობესების მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ ავრცელებს.

ძირითადი მიგნებები

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენა სამინისტროებში პრაქტიკაში არ ხდება. უმეტეს შემთხვევაში კანონის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო მექანიზმები საერთოდ არ არის დანერგილი.

ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და კოორდინაცია, ასევე ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობა შეჩერებულია. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო რეალურად არ არსებობს. საქართველოს მთავრობას ამ ეტაპზე ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელების ინტერესი არ აქვს.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ვერ ჩამოყალიბდა კორუფციასა და ინტერესთა შეუთავსებლობასთან ბრძოლის მძლავრ ინსტრუმენტად. მონიტორინგის არსებული სისტემა ძირითადად ემსახურება დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმებას და არა – კორუფციულ სამართალდარღვევათა შესაძლო შემთხვევების გამოვლენას და პრევენციას.

ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ყველა პროკურორზე, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებსა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებზე.

მამხილებელთა დაცვის მექანიზმი რეალურად პრაქტიკაში არ არსებობს. საჯარო დაწესებულებებს დანერგილი არ აქვთ მხილების განცხადების იდენტიფიცირების, მასზე რეაგირებისა და მონაცემების შეგროვების ერთიანი სტანდარტი. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს სისტემებზე დღემდე არ ვრცელდება მხილების მარეგულირებელი ნორმები; შესაბამისი რეგულაციები ჯერ კიდევ შვიდი წლის წინ უნდა შემუშავებულიყო.

საჩუქართან დაკავშირებულ შეზღუდვებს სათანადო ყურადღება არ ექცევა და, ხშირ შემთხვევაში, საერთოდ უგულებელყოფილია.
საჯარო დაწესებულებებისათვის ნორმად იქცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებების უპასუხოდ დატოვების არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში, პასუხი ვერ მივიღეთ 2 (ფინანსთა და კულტურის) სამინისტროდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული რეკომენდაციებისა, კვლევაში განხილული მთელი რიგი პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. საერთაშორისო პრაქტიკით დასტურდება, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური არის სისტემურ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები წლებია მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გაატაროს ეს რეფორმა. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ამჟამად პარლამენტშია ინიცირებული.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის პრაქტიკაში აღსრულების მიზნით: ინსტიტუციურ დონეზე კანონის დარღვევის სავარაუდო ფაქტების გამოვლენის, შესწავლისა და მათზე რეაგირებისათვის საჭიროა შიდა მექანიზმების დანერგვა და მათი პრაქტიკაში ამოქმედება.

ცენტრალურ დონეზე აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კანონის აღსრულების ზედამხედველობაზე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებაზე, გაანალიზებასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო პროცესის აღდგენა და მასში სამოქალაქო საზოგადოების ქმედითი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ანტიკორუფციული სამდივნოს სრულად დაკომპლექტება და სათანადო რესურსებით აღჭურვა. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება.

ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების გავრცელება ყველა დონის პროკურორზე, ანტიკორუფციულ საქმეთა გამომძიებლებზე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა მრჩევლებზე.

დეკლარაციის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციის ნუსხის გაფართოება.

დეკლარაციების მონიტორინგისათვის დამოუკიდებელი კომისიის არ-შექმნის შესაძლებლობის მაქსიმალურად აღმოფხვრა და ამ მიზნით, კომისიის დაკომპლექტების წესისა და წევრობისათვის დადგენილი კრიტერიუმების განახლება.
ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ინტერესთა შეუთავსებლობის, კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და პრევენციის მექანიზმად გამოყენება.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების მონიტორინგის დაწყება: ანონიმური განცხადების და ასევე, სხვადასხვა ღია წყაროებზე არსებული მონაცემების გადამოწმების, მათ შორის მედია საშუალებების მიერ შესაძლო დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე.

კორუფციული დანაშაულის მხილებისა და მამხილებელთა დაცვის სისტემის დახვეწა და პრაქტიკაში ამუშავება. კანონის საფუძველზე, ცენტრალურ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურის განსაზღვრა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება:

მხილებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობაზე;

მხილების ფაქტებისა და მამხილებელთა დაცვის შესახებ დეტალური სტატისტიკისა და სხვა ინფორმაციის რეგულარულ შეგროვებაზე, დამუშავებაზე, გაანალიზებაზე; ასევე მათ პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.

მხილების განცხადების იდენტიფიცირების, მასზე რეაგირებისა და მონაცემების შეგროვების ერთიანი სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება.

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ საერთაშორისო კარგ პრაქტიკაზე დაფუძნებული მამხილებლის დაცვის სპეციალური კანონმდებლობის დაუყოვნებლივ მიღება და პრაქტიკაში სრულად ამოქმედება.
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვების სათანადო მონიტორინგი.

საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება: საჩუქართან დაკავშირებული შეზღუდვების აღსრულების ზედამხედველობაზე; დეტალური სტატისტიკისა და სხვა ინფორმაციის რეგულარულ შეგროვებაზე, დამუშავებაზე, გაანალიზებაზე; ასევე მათ პროაქტიულ გამოქვეყნებაზე,” – აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

სრული მიგნებებისა და დეტალური რეკომენდაციებისთვის იხილეთ ანგარიში.