არავინ ფიქრობს საქართველოდან წასულ ადამიანებზე…ყველა გრძნობს,რომ ასე ვეღარ გაგრძელდება!

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

მთელი სამი საუკუნე,ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს მმართველთა ძირითადი შემოსავალი ტყვეთა სყიდვა იყო.

აქ ყველაზე საინტერესოა,როგორ უთავსებდნენ მეფეები და მღვდელმთავრები ქრისტიანი თანამოძმეების გაყიდვას “ურჯულოებზე”ქრისტიანობას ,ან როგორი კაზუისტიკის გამოყენებით რჩებოდნენ ქრისტიანებად ამ სამარცხვინო საქმეში მონაწილეობის შემდეგ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კვლავ იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით.
საქართველოდან ემიგრირებული არალეგალები ძირითადად მონური დადაბალანაზღაურებადი შრომით მოპოვებულ ფულს რომ არ აგზავნიდნენ ქვეყანაში, სიტუაცია კატასტროფული იქნებოდა.
ესაა ტყვეთა სყიდვის მოდერნიზებული ფორმა.

ყველაზე ცუდი აქ ანალოგიები არაა. ყველაზე ცუდი ისაა,რომ არავინ იფიქრა და არც ფიქრობს პრობლემის მიზეზებზე და, შესაბამისად, გადაწყვეტის გზებზეც.

ზუსტად ისეა,როგორც მაშინ- ბავშვებს გაყიდნენ თურქებზე,მერე “ილოცებდნენ”, “მოინანიებდნენ”, და კარგადაც მოულხენდნენ ნაშოვნი ფულით.

ახლაც არავინ ფიქრობს საქართველოდან წასულ ადამიანებზე,არც მათ დაცვაზე და მათთვის ადგილის მოპოვებაზე ლეგალურ შრომის ბაზარზე.

არავინ ფიქრობს იმაზე,თუ რა სამარცხვინოდ გამოვიყურებით ამის გამო სხვების თვალში.

აქ საქმე “მთავრობისა და ხალხის” ცნობილ და მეტად სულელურ დაპირისპირებაში არ არის. ვერ ნახავთ მსოფლიოში ქვეყანას,სადაც ამდენი ადამიანი იყოს ნამყოფი “მთავრობაში” დროის ასეთ მოკლე პერიოდში.
აქ საქმე ჩვენს მენტალობაშია, რომელიც საცერივითაა დახვრეტილი და ურთიერთგამომრიცხავი ემოციურ-აზრობრივი ბლოკებისგან და დამახასიათებელი მითოსურ-იდეალისტური წარმოდგენებისაგან შედგება.

ამ ბლოკებს არაცნობიერად არიან მიჯაჭვული ადამიანები,რომლებიც კრაზანებივით კბენენ ყველას,ვინც გაბედავს და კრიტიკულ აზრს შეახებს მათ.

არადა, ყველა გრძნობს,რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. არაადექვატურ სისტემათა თვითლიკვიდაციის კანონი ულმობლად მოქმედებს.

“ხემან, რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედოს”-როგორც წერია.

კომენტარის დატოვება