მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, ამიტომ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ის ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი, შესაბამისად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ის ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში.

„პირველ რიგში მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად მიუღებელია სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროს მიზანმიმართულ განადგურებაში.

ასევე, საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე და ყველას შეუძლია, იხილოს წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტები და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. გრიფირების პროცესში მონაწილეობენ ჩვენი წამყვანი სპეციალისტები და, შესაბამისად, გვაქვს მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის უდიდესი როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილი არის ისტორიული მნიშვნელობის პიროვნება და უაღრესად დიდი ქველმოქმედი. შესაბამისად, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ის ღირსეულად უნდა იყოს წარმოჩენილი და ეს ასეც იქნება შესაბამის სახელმძღვანელოებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.