„ხდება ისე, რასაც ფხაკაძე ამბობს – მინისტრის გადაწყვეტილება არის ბოლო დროს ყველაზე სწორი ბრძანება” – გიორგი ფხაკაძე „ბუსტერდოზის” ვადებზე

„მივესალმები ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებას. ეს არის სწორი, ბოლო საერთაშორისო მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოწინავე ქვეყნების საუკეთესო მაგალითებზე მიღებული ბრძანება,” – ასე აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძეს ბრძანებას საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადის შემცირებაზე.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი, პროფესორ გიორგი ფხაკახის რეკომენდაცია, რომელიც პრაქტიკაშია მიღებული.

„ასეთი მყისიერი ბრძანება ეს არის ამ ბოლო დროს მიღებული ყველაზე სწორი და პროფესიონალური გადაწყვეტილება.
„ფაიზერი”, „ასტრაზენეკა”- „ბუსტერი”  5 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (აქ მცირე შესწორებას შევიტანდი – „ასტრაზენეკაც”  3 თვეში უნდა იყოს ისე, როგორც ეს ბრიტანეთმა გააკეთა).

„სინოფარმი”/„სინოვაკი” – „ბუსტერი”  3 თვეში, ათვლა ხდება მეორე დოზიდან. (სრულიად ვეთანხმები). 12-15 წლის მოზარდებში პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი 3 -12 კვირა (ეს „ფაიზერის” პროტოკოლია).

კიდევ ერთი – პროფესორ გიორგი ფხაკახის რეკომენდაცია პრაქტიკაში მიღებულია, დაგვიანებით, მაგრამ ხდება ისე, როგორც ფხაკაძე ამბობს. როცა დავიწყე საუბარი დაბალეფექტურ ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი), ბევრი ექსპერტი , კოლეგა და სხვები მეწინააღმდეგებოდნენ, რაც ბუნებრივია. არცოდნა არცოდვაა. არაერთი სტატია, მტკიცებულება და ასევე, არაერთი ინტერვიუ, „ლაივი” მივუძღვენი ამ საკითხს.

ბოდიშს არავინ არ მოიხდის და, რა თქმა უნდა, შეცდომებს არავინ აღიარებს. ეს „ქართულ ჯიგრულ პონტში” არ მოსულა. არა უშავს, მივეჩვიე. დაუჯერეთ ფხაკაძეს”, – ამბობს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოში ე.წ. ბუსტერდოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

უწყების ცნობით, PfaizerBioNTech ბუსტერ დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება. ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.