სააკაშვილზე ზეწოლა და მისი ფსიქოლოგიური წამება გრძელდება – ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს.

თუთბერიძის თქმით, „პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ მიიჩნია თვით ინიციატივის რეჟიმში რაღაცები შეეძლო ეკეთებინა და სანქციაზე საუბარი დაეწყო“.

„იმ ვიდეო კადრებში რაც გავრცელდა დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ოღონდ ეს ჩადენილი იყო არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ, არამედ პენიტენციური სამსახურის მიერ, რომელმაც პრაქტიკულად არაადამიანური მოპყრობის გამოყენების გზით პაციენტი გადაიყვანა საავადმყოფოში.

სამწუხაროა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ მიიჩნია თვით ინიციატივის რეჟიმში რაღაცები შეეძლო ეკეთებინა და სანქციაზე საუბარი დაეწყო. არ ვიცი რატომ და ვინ გადაწყვიტა ამის შეპარება საზოგადოებისთვის სამუშაო საათების შემდეგ ან რა უფლების განმარტებაზე საუბრობენ საერთოდ, როცა ადვოკატებს არ უშვებენ იმ მიზეზით რომ სამუშაო საათები არ არის. ეს არის წამების პროცესის გაგრძელება და აუცილებლად პოვებს ასახვას დაცვის მხარის პოზიციაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.