“საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე…”

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიეტვუაში ვიზიტისას ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპაციის საკითხზე ისაუბრა.

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

“ეს არ არის ახალი. ეს არის მუდმივი მცდელობა რუსეთის მიერ, რომ ჩაგვითრიოს მხოლოდ ამ საკითხში. ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ, დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ ისე, რომ მუდმივად უკან არ ვიყურებოდეთ და არ ვიყოთ რუსეთის დღის წესრიგით.

მე მგონი, შვიდჯერ ჩავედი საოკუპაციო ხაზთან, რუხიდან დაწყებული, ნიქოზში, გრემისხევში და ჩავდივარ, როცა მე ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით. ჩემი მოვალეობა არის ის პირდაპირი, ოფიციალური თუ არაოფიციალური საუბრები ჩვენს პარტნიორებთან, რომ ვეძებოთ სხვა გზები და არის ასევე მართლაც ფიქრი იმ გზებზე, ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ახალი ფორმატების მოფიქრებაზე, ყველაფერ იმაზე, რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ კი არ ვუყუროთ, რა ხდება იმ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, არამედ გადავლახოთ ეს სიტუაცია, მოვხსნათ ეს საოკუპაციო ხაზი და დავუბრუნდეთ ჩვენს ცხოვრებას“ – განაცხადა პრეზიდენტმა.