ანრი ოხანაშვილი – კანონი უნდა აღსრულდეს, სააკაშვილმა სასჯელი მოიხადოს, თუ შერიგებაზე საუბარი სურდათ, მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, ვისაც ბოდიშსაც კი არ უხდიან

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შერიგების ინიციატივის გახმოვანება არის ცინიზმი. მათ შერიგება და პატიება ასიათასობით იმ მოქალაქეს უნდა სთხოვონ, რომლებიც მსხვერპლი და დაზარალებული გახდნენ დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს და სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

„პატიება და შერიგება ჯერ ამ ადამიანებს სთხოვონ, მანამდე მორალური უფლება არ გვაქვს, ვისაუბროთ შერიგებაზე. თუ ვინმეს შერიგება უნდა, შერიგების მსურველი უკანონოდ, მხდალურად და საზღვრის უკანონო კვეთით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მიზნით არ იპარება. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მან თავად გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და მან კარგად იცოდა, რომ კანონი აღსრულდებოდა, თუმცა ცინიზმით გამოირჩეოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ უსუსურია, მელიას და სააკაშვილს ვერ დააკავებდნენ, მაგრამ კანონი აღსრულდა და გამოჩნდა, ვინ არის მხდალი და ქვეყნაში ვინ ასრულებს კანონებს. ამ სცენარის ავტორებს სურთ, შერიგებაზე გვესაუბრონ. ჩიხში არ ვართ, რომ გამოსავალზე ვისაუბროთ. კანონი უნდა აღსრულდეს, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს. რევოლუცია რომ ვერ გამოსდით, შერიგებაზე შემდეგ საუბარი არ ხდება. პირიქით, თუ შერიგებაზე საუბარი სურდათ, მოქალაქეებისთვის უნდა მიემართათ, ვისაც ბოდიშსაც კი არ უხდიან. საუბარი შერიგებაზე იმ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარი გირგვლიანის საქმე არ ყოფილა, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უადგილოა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.