„ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მიიღო, რათა მისი პროფესიული გამოცდილება ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს ნაყოფიერად მოახმაროს“ – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რათა თავისი გამოცდილება ქვეყანას პარტიის არენიდან მოახმაროს.

„მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა გუშინ არ ისაუბრა და ამაზე მეც ვერ გავაკეთებ კომენტარს. ვფიქრობ, დღეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული გამოცდილება და პროფესიონალიზმი ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებსა და ჯანდაცვის სისტემის სამომავლოდ გაძლიერებას.

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა არის კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე მთელი რიგი პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ პარტიის არენიდან ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძისთვის არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა რომ მან მოახერხოს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით რეფორმების განვრცობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.