საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა – GDI-ის ანგარიში

საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 2021 წელს მკვეთრად გაუარესდა – ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2021 წლის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში ხაზგასმულია რომ მმართველ პარტიას მითვისებული აქვს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანაში ძლიერდება ავტორიტარიზმის ტენდენციები, რომლის საწინააღმდეგოდ არჩევნები, როგორც მთავარი დემოკრატიული მექანიზმი, უძლურია.

,,ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლება არ ერიდება არც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს და არც ურთიერთობის გაუარესებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის პერსპექტივას მნიშვნელოვნად ასუსტებს. შედეგად საზოგადოებაში ისედაც მწვავე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების ფონზე ძლიერდება ნიჰილიზმი, ხოლო ევროატლანტიკურ სივრცეში ფორმალური თუ ღირებულებითი ინტეგრაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო მკრთალი ხდება”. – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას, GDI – ის შეფასებით, 2021 წელს კვლავ არ იყო სათანადოდ დაცული არც პრაქტიკაში და არც საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ, ან ვერ დაიცვა ლგბტ+ თემის წევრები და მხარდამჭერები სიძულვილის ჯგუფებისაგან, რომლებმაც ძალადობრივად ჩაშალეს თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარში.

,,სახელმწიფო აგრძელებს თავისი ვალდებულების უგულებელყოფას და არ უზრუნველყოფს ლგბტ+ თემის მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობას მშვიდობიან გარემოში. თუკი სექსუალური უმცირესობის შემთხვევაში ხელისუფლება არ (ან ვერ) ახდენს შეკრების თავისუფლების დარღვევის პრევენციას, იგი თავად ლახავს სამოქალაქო აქტივისტებისა და დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებას. კერძოდ, 2021 წელს გაძლიერდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესია, რომელიც გამოიხატა სხვადასხვა აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავებებითა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით”, – წერია ანგარიშში.