ანა ნაცვლიშვილი: „ტყუილია საუბარი იმაზე, თითქოს სასამართლო რეფორმის მიმართულებით არ არსებობს კონკრეტული ხედვა“

„ძალიან უხერხულია, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენება არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ტყუილია საუბარი იმაზე, თითქოს სასამართლო რეფორმის მიმართულებით არ არსებობს კონკრეტული ხედვა. ეს კონკრეტული ხედვა ძალიან დიდი ხანია არსებობს, არსებობს სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული, არსებობს ამ პარლამენტში ორი ფრაქციის მიერ დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვის დაწყებაც კი არ ისურვა „ქართულმა ოცნებამ“ ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ გაავრცელებთ ტყუილს. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაც კი აქვს მომზადებული და საჯაროდ დადებული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან. ამიტომ ტყუილების გავრცელება არის ცუდი მითუმეტეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. დეპუტატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა.

 

„თქვენ ახსენეთ რომ ამერიკელ პარტნიორებთან შეთანხმდით, რომ მოხდეს ჩატარებული რეფორმების რევიზია. ეს არის ტყუილი. თქვენ ახლა კი არ შეთანხმდით ამერიკელ პარტნიორებთან ამ რევიზიის შესახებ. 19 აპრილის შეთანხმებაში, თქვენ გაქვთ აღებული ვალდებულება, რომ ჩაატარებდით აქამდე განხორციელებული რეფორმების დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან შეფასებას. როგორც ჩანს ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა შეხვედრისას შეგახსენეს, რომ არ ასრულებთ აღებულ პირობას და ახლა გინდათ ეს შიდა მოხმარებისთვის მოგვყიდოთ როგორც თქვენი შეთანხმება და დიდსულოვანი ნაბიჯი. ასეც არ გამოვა. ტყუილები არის სირცხვილი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები საჭირო რეფორმებისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.