პროკურორი: სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი საკმაოდ მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ – გავეცნობით განაჩენს და გასაჩივრების ნაწილში გადაწყვეტილებას მივიღებთ

სასამართლომ ბრალდებულების ბრალეულობა სრულად გაიზიარა. დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში და უბრალოდ გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდებას, – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მივიღებთ ჩვენ სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს, გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში. ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისთვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაო მძიმე დანაშაულში ცნო დამნაშავედ“, – აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.