„ნამახვანჰესის” პროექტი შეიძლება, სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, ბევრი რაღაც იყო მიუღებელი – ეს მე მემკვიდრეობით დამხვდა – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღბელი, რასთან დაკავშირებითაც ინვესტორსაც ესაუბრა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლება გააგრძელებს დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან.

„პირველ როგში, დიახ, გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი რაღაც. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რაღაც იყო მიუღებელი, ამის თაობაზე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, ეს ერთი. ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ველაპარაკოთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა, მათ შორის მაწუხებდა მეც, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ეს სავსებით ნორმალურია.

მეორე, რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ შევუქმენით აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რამდენის გადახდა მოუწევს საქართველოს, ღარიბაშვილის თქმით, ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

„ეგ არის ძალიან შორეული პერსპექტივა, არავინ იცის, რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დატოვებს, რა თქმა უნდა, დაითვლება, ამას დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია გააკეთბს, რომელიც შეაფასებს კომპანიის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას. ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება, პროექტი სხვა კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. ასე რომ, მე ვერ ვხედავ პრობლემას ამ მიმართულებით“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.