თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ვთქვა… გამზარდია პრემიერს მიმართავს

არჩილ გამზარდია

ღია მიმართვა პრემიერს

პრემიერ-მინისტრმა სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას დასახელებული გეგმის განხორციელებაზეო. მიუხედავად ჩემი და მოქალაქეების თხოვნისა, ახსნისა, ხვეწნისაც კი რომ არ დაგეგმოთ მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე სოციალური დარტყმები, თქვენ მაინც არ აპირებთ ჩვენი არც თხოვნა და არც ხვეწნა შეისმინოთ.

აცხადებთ, რომ პასუხისმგებლობას იღებთ, დიახ, შეგახსენებთ, რომ კი ნუ გვამადლით პასუხისმგებლობას, ცხადია, პასუხისმგებლობა თქვენ აუცილებლად გეკისრებათ ნების გარეშეც, ვალდებულების დონეზე.

დიახ, თქვენზეა პასუხისმგებლობა რომ დღითიდღე გვიჭირს პროდუქტის ყიდვა; ცხადია, თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ აფთიაქში წამლებს ვეღარ ვყიდულობთ ოჯახის წევრებისათვის; ცხადია, თქვენზეა პასუხისმგებლობა რომ 2017 წლიდან სასტიკი დღეები დაგვეწყება საქართველოს მოსახლეობის სრულ უმეტესობას;

ცხადია, თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ დაქირავებულების უფლებები დაუცველია, რომ ადამიანებს სამსახურებიდან ყრიამ ისე, როგორც უხარიათ დამქირავებლებს ან ისეთ დღეში აგდებენ, როგორც სურთ და სახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგაა;

ცხადია, თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანების, როგორც მომხმარებლების უფლება გაუბედურებულია, თუ უნდათ ტარიფებს მოგვიმატებენ, თუ უნდათ მოწოდებას შეწყვიტავენ, თუ უნდაც სულაც არ მოგვცემენ წყალს, დენს, გაზს, სამაგიეროდ, ჩვენ თუ ერთი დღე მაინც გადავაცილეთ, ჯარიმასაც დაგვაკისრებენ და ჩაგვიჭრიან კიდეც მოწოდებას;

ცხადია, თქვენზეა, ბატონო პრემიერო პასუხისმგებლობა, რომ ღარიბებს მდიდრების ვალებს გადაგვახდევინებთ;

ცხადია, თქვენზეა პასუხისმგებლობა, რომ საშუალო ფენას მდიდარს ეძახით და გაღარიბებას უპირებთ, ღარიბებს კი უფრო გაღატაკებას, სამაგიეროდ, კაპიტალისტებს ეფერებით და ეფლირტავებით.

ცხადია, ბატონო პრემიერო, თქვენ გაკისრებთ პასუხიმგებლობას, როგორც ქვეყნის ძლიერ ძალაუფალს და მმართველი ძალის ლიდერს.

ბატონო პრემიერო, თითქმის უკვე ჩაიარა ბოლო წვეთებმაც, როდესაც თქვენი დახვეწილი მანერები და საუბარი ნდობას გვიქმნის, ვშიშობ, იწურება რესურსი იმისა, რომ თქვენს სიტყვას ჩვენთვის ფასი ჰქონდეს და ნდობა. არ ვიცი, დარჩენილ დროს სრულ გაბანკროტებამდე რამდენად ნაყოფიერად გამოიყენებთ.

როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საჯარო პირი, როგორც თქვენი ჯერჯერობით გულშემატკივარი, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ვთქვა – რადგან აუცილებლად მოგეთხოვებათ ამ ყველაფერზე პასუხი თქვენ და გუნდს, სულ ცოტა, მორალურად მაინც;

კომენტარის დატოვება