აშშ-მა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის გარეშე – კელი დეგნანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და მოკავშირეებთან არის კარგი ნიშანი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსაზრებები რუსეთთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხის შემუშავებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ ღიაა შეხვედრისა და დიალოგისთვის, მაგრამ უარს არ იტყვის ძირითად პრინციპებზე.

„ნატო-რუსეთის საბჭო შეიქმნა 25 წლის წინ. ჩვენ დავსხდებით და მოვისმენთ, მაგრამ ვიმოქმედებთ ჩვენი ძირითადი პრინციპებით. პირველი არის, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს წევრობას წყვეტენ 30 მოკავშირე და ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ ალიანსში გაწევრიანება.

საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პარტნიორობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი.

ამასთან, შეერთებულმა შტატებმა გარკვევით განაცხადა, რომ არ მოვილაპარაკებთ ევროპის საკითხზე ევროპის გარეშე, ნატო-ს საკითხზე, ნატო-ს მოკავშირეების გარეშე და ასევე არ მოვილაპარაკებთ საქართველოსა და უკრაინის შესახებ, საქართველოსა და უკრაინის გარეშე და შევინარჩუნებთ მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც უკრაინის მთავრობასთან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.