ირაკლი ზარქუა – რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა – მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს

მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს, – ასე ეხმიანება მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუა მესამე პრეზიდენტის ადვოკატების მოთხოვნას, მიხეილ სააკაშვილისთვის არაადამიანური მოპყრობისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მისი თქმით, სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს, ხოლო დაზარალებული არის 300 000- ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში.

„მგონი საზოგადოებაც დაიღალა ამ სააკაშვილით, რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? დაზარალებული არის 300 000- ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში და სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. რა დაზარალებული მიშა?- ალბათ, ხუმრობს, საახალწლო ხუმრობაა.

ის ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო. სხვათაშორის, ბატონი პოროშენკო, რომელიც ჩავიდა გუშინ უკრაინაში, არ შეპარულა, ჩავიდა და თქვა, რომ თუ დამნაშავე ვარ, აგერ ვარ და სასამართლომ გადაწყვიტოსო, არც არაჟნებით შეპარულა, არც მოქალაქეობა დაუხევია პოროშენკოს და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ იქცევიან სახელმწიფო მოხელეები, დამნაშავეა თუ არა, ამას უკვე გადაწყვეტს უკრაინის სასამართლო. შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენ გვყავს მხდალი ყოფილი მთავარსარდალი, რომელმაც დახია ქართული პასპორტი და დაზარალებულად უნდა სცნონო, სად გაგონილა?”- განაცხადა ზარქუამ.

ექსპრეზიდენტის ადვოკაკატის, ნიკა გვარამიას თქმით, „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის“ ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.