ირაკლი კობახიძე უკრაინაზე: იმედია, მოვლენები დადებითი სცენარით განვითარდება, ამაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულოს საკვანძო როლი

უკრაინის საკითხზე ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, პარლამენტიც, რა თქმა უნდა, თავის პოზიციას დააფიქსირებს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და იმედი გვაქვს, რომ მოვლენები დადებითი სცენარით განვითარდება. ამაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულოს საკვანძო როლი. ამის პერსპექტივა არსებობს, დანარჩენი კი დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების ძალისხმევაზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში აგრესია არის რისკების შემცველია და მას შეიძლება ჰქონდეს უფრო ფართო გავლენა რეგიონზე. იმედია, პროცესები წარიმართება სწორი მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.