სააკაშვილმა გადმოკვეთა საზღვარი იმიტომ, რომ ის ამ ქვეყნის პატრიოტია და პატრიოტებს ციხეში არ სვამენ – ნიკა გვარამია

,,მიხეილ სააკაშვილი არის პატრიოტი, დიდი ადამიანი ქვეყნის ისტორიაში. სირცხვილია, ფორმალობებზე საუბარი. მიხეილ სააკაშვილმა გადმოკვეთა საზღვარი იმიტომ, რომ ის ამ ქვეყნის პატრიოტია და პატრიოტებს ციხეში არ სვამენ საზღვის გადაკვეთისთვის.” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შეცვლის წინ განაცხადა.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებებს ბრალდების მხარე წარადგენს. კერძოდ, პროკურატურა რამდენიმე მოწმეს გამოჰკითხავს.

სასამართლოს ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.