პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში კანონპროექტს დააინიცირებს, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე ყოველწლიურად გაიზრდება 15-20 ლარით ინდექსაციის წესით

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა დღეს, პარლამენტში ორი ინიციატივა წარადგინა.

პარტია „საქართველოსთვის“ დააინიცირებს კანონპროექტს, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე გაიზრდება ინდექსაციის წესით, რაც ნიშნავს ოჯახის ერთ წევრზე 15-20 ლარით გაზრდილ შემწეობას. ასევე წარადგინეს ინიციატივას 150 ათასი წევრისგან შემდგარ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, რომელიც ეხება საწვავის ფასს.„გვსურს შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათივე შეფასებით „მდუღარე“ ეკონომიკის ფარდის მიღმა, რეალურად ქვეყანაში უკიდურესად დამძიმდა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება ღარიბ და სოციალურად მოწყვლად ოჯახებს, რომელთა რაოდენობამაც ქვეყანაში რეკორდულ ნიშნულს – 650 ათას ადამიანს მიაღწია. არასდროს, ვიმეორებ არასდროს ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი არ ყოფილა ასეთი მაღალი!

აღნიშნულის საპასუხოდ, დღეს ჩვენ წარმოვადგენთ 2 ინიციატივას:

პარლამენტში დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომლითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მიღებული საარსებო შემწეობა წელს, და ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში, ოჯახის თითოეულ წევრზე გაიზრდება ინდექსაციის წესით, რაც ნიშნავს ოჯახის ერთ წევრზე 15-20 ლარით გაზრდილ შემწეობას.

ფასების, განსაკუთრებით საწვავის ფასების ზრდის საპასუხოდ, 150 ათასი წევრისგან შემდგარ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, მივმართეთ პარლამენტის ორ კომიტეტს სასწრაფოდ საკითხზე და მისი გადაწყვეტის გზებზე თემატური მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ;

„სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობა ოჯახის თითოეულ წევრზე 60-დან 30 ლარამდე მერყეობს და ეს თანხა არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ, როდესაც 2015 წლიდან დღემდე ფასები გაორმაგდა (განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ინფლაციამ 14 %-საც კი მიაღწია – რაც ბოლო 11 წლის ანტირეკორდია) და საარსებო მინიმუმი ქვეყანაში შეადგენს 168 ლარს, ხოლო საარსებო შემწეობა საარსებო მინიმუმზე თითქმის 3-ჯერ ნაკლებია.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: ფასების ზრდის შეუქცევადობა, კომუნალური გადასახადების და ტრანსპორტის ღირებულების გაძვირება, მათ შორის თბილისში. კოვიდის მართვის არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად, კი სახეზე გვაქვს ინფიცირების კიდევ ერთი ანტირეკორდი, რომლის შედეგადაც ამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეზღუდებათ შესაძლებლობა საკუთარი შრომით მაინც მიიღონ ყოველდღიური საარსებო შემოსავალი. თავის მხრივ მძიმე ეკონომიკურ რისკებს შეიცავს უკრაინის კონტექსტში მიმდინარე მძიმე პროცესებიც.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ სოციალური დახმარების ზრდისა და ინდექსაციის კანონის მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის; რაც შეეხება საწვავის ფასებს, რაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა,

პარტია საქართველოსთვის საპარლამენტო გუნდი, მოქალაქეთა 150 ათას წევრზე მეტი შემადგენლობის საინიციატივო ჯგუფთან ერთად – „არა საწვავის ფასებს“, მივმართავთ როგორც საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს ერთობლივი თემატური მოკვლევის დაწყება საწვავის ფასების ზრდის მიზეზებისა და ფასების ზრდის შემაკავებელი შესაძლო ღონისძიებების დადგენის თაობაზე.

იმედი გვაქვს, პარლამენტი დროულად განიხილავს ჩვენს ინიციატივებს. აქვე, მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივებს და მიიღონ მონაწილეობა პროცესში“ – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.