დავით კირკიტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს „ნაცმოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე სამართალდამცველებმა ბრალი წარუდგინეს.

რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დავით კირკიტაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.

გასული წლის შემოდგომაზე რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილე სამი პირის, მათ შორის დეპუტატ დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურამ დაიწყო.

დავით კირკიტაძე ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ეს არის პასუხი ჩვენს გეგმაზე, რაც ეხება რუსთავის მაღალტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას, რუსთაველებისთვის საკუთრების დარეგისტრირებას, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ და დავიწყებთ კიდეც მალე, ამისი ბერკეტები გვაქვს.  ამ დადგენილებას არ ვეთანხმები და არ ეთანხმება ბევრი ადამიანი. მე აქ ყველა გვერდზე წავუწერე, რაც უნდა იყოს მთავარი და რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბრალდებას არ ვეთანხმები, შეთითხნილია და თავისუფლება მიშას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.