თუ ვინმეს სჯერა, რომ თაროზე შემოდებული საქმე პროკურორმა ჩამოიღო, ასე არ არის, მან მიიღო დავალება – ნიკა მელია დავით კირკიტაძის საქმეზე

პროკურორმა მიიღო დავალება იმ ადამიანებისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან, დავით კირკიტაძის პროცესის დაწყებამდე ისაუბრა.

“რუსთავი არის ის ქალაქი, სადაც ქართულმა ოცნებამ ერთო ერთზე დაპირისპირებაში წააგო ნაციონალურ მოძრაობასთან. დათო კირკიტაძემ 2018 წელს მოიგო არჩევნები და თუკი ვინმეს სჯერა, რომ თაროზე შემოდებული საქმე 4 თვის განმავლობაში რიგითმა პროკურორმა ჩამოიღო, რა თქმა უნდა ასე არ არის. მან მიიღო დავალება რუსთავში იმ ადამიანებისგან, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე”, – თქვა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრის პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.