რაც არ უნდა მოითხოვოს პროკურატურამ და რაც არ უნდა გააკეთოს მოსამართლემ, ღიმილით შევხვდებით – დავით კირკიტაძე

რაც არ უნდა მოითხოვოს პროკურატურამ და რაც არ უნდა გააკეთოს მოსამართლემ, ამას ღიმილით შევხვდებით – ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც დღეს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ პოლიციურ ძალებს, პოლიტიკურ პროკურატურასა და სასამართლოს ეფუძნება, ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს.

“ქართულ ოცნებას” ამის მეტის გაკეთება არ შეუძლია. ისინი მათ ხელისუფლებას მთლიანად ამყარებენ და აფუძნებენ ძალოვან სტრუქტურებზე და პოლიტიკურ პროკურატურაზე. რაც არ უნდა მოითხოვოს პროკურატურამ და რაც არ უნდა გააკეთოს მოსამართლემ, ჩვენ ამას ღიმილით შევხვდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საქმეს და არ გვადარდებს ეს ნამდვილად. “ქართული ოცნების” დღეები არის დათვლილი. ხელისუფლება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ პოლიციურ ძალებს, პოლიტიკურ პროკურატურას და სასამართლოს, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს და დიდხანს ვერ იქნება ძალაუფლების მატარებელი”, – თქვა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ენმ-ის წევრის პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.