პრეზიდენტი დღეს ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ინტერპარტიულ ჯგუფს შეხვდება. საუბარი კონსტიტუციის გადასინჯვას შეეხება. პარტიებში აცხადებენ, რომ პროცესი ჩიხში შევიდა. პოლიტიკოსები ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური აზრისა და საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციების იგნორირებაში სდებენ ბრალს.

მათი განცხადებით, “ქართული ოცნება” კონსტიტუციის პარტიულ ინტერესებზე მორგებას ცდილობს.

„დღეს არსებითი არის ის, რომ ხელისუფლებამ ეს პროცესი მთლიანად შეიყვანა ჩიხში, როგორც საქართველოში, ასევე პრობლემები შეგვიქმნა საერთაშორისო ასპარეზზეც, იმიტომ, რომ არა ერთხელ მოატყუა ვენეციის კომისია,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ხელისუფლების კანონიერი გზით იძულებასა და შესაბამისად, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებეის გადასინჯვაზე გეგმავენ საუბარს.

„ეს იქნება კონსტიტუცია, რომელიც წინაპირობა იქნება კიდევ უფრო კონფლიქტური ვითარების ჩამოყალიბების, პროცესის ესკალაციის და კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების. ამ თემაზე ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან იქნება, არასამთავრობოებთან იქნება, ერთმანეთთან იქნება, აუცილებლად გასამართია და ეს პროცესები აუცილებლად დაიწყება, რადგან ერთობლივი ფრონტით ბრძოლა კონსტიტუციის ერთპარტიულობასთან მიმართებაში ყველა პარტიის ვალდებულებაა,“ – განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრმა გიორგი ახვლედიანმა.